საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ნატაშა ფრანცეში მიიღო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებსა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი იმყოფება. დღეს ნატაშა ფრანცეში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ მიიღო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ნატაშა ფრანცეშის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დახვეწის კარგი საშუალება იქნება.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრის აგვისტოში აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტს. ნატაშა ფრანცეშმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო და თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან შეხვედრა აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის კრიზისის განხილვა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობა სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით, ასევე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით.