გოგი თოფაძე: არა მგონია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თინა ხიდაშელის მიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. რაც შეეხება მოქმედ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, ძალიან პრინციპული ადამიანია და ქვეყანას კარგად მართავს.
“ბიძინა ივანიშვილს 20 წელია ვიცნობ, ის ქვეყნის გულდამწვარი პატრიოტია და ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის. რაც შეეხება მის დაბრუნებას, არა მგონია, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში. როცა გადადგა, თავისი მოსაზრება ჰქონდა. ბევრს აკეთებს სამოქალაქო მოღვაწეობით და, არა მგონია, დაბრუნდეს. რაც შეეხება დღევანდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული პრემიერ-მინისტრია. ირაკლი უფრო პრინციპულია, ვიდრე კოალიციის ბევრი წევრი და ის ძალიან კარგად მართავს ქვეყანას. ამას მოწმობს ის, რაც გაკეთდა ქვეყანაში. მათ შორის, ის ულტრათანამედროვე საწარმოები, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ნიჭიერი პრემიერი. პრემიერ-მინისტრის ნაკლია, რომ ის საზოგადოების და მედიის წინაშე ხშირად არ საუბრობს ხელისუფლების მიღწევებზე. თუ რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ, ახალმა ხელისუფლებამ. ალბათ, ამ ნაკლს გამოასწორებს”, – განაცხადა თოფაძემ.