გოგი თოფაძე: სპეცსამსახურებს იმდენი საქმე აქვთ, რატომ უნდა უთვალთვალონ ჟურნალისტს და მის მეუღლეს თუ საყვარელს
„არცერთი გადაცემის შესახებ პოლიტსაბჭოზე არ გვისაუბრია და არცერთი გადაცემის დახურვის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, აბსურდულია განცხადება, თითქოსდა, გადაცემების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სოლოლაკში მიიღო. დეპუტატს განცხადებით, მედია ხშირად, რასაც ხედავს ხალხი, არაობიექტურია და ამით მაყურებელს კარგავს, ამიტომაც, თოფაძის განცხადებით, ბუნებრივია, რომ ეს არხის ხელმძღვანელობას არ მოსწონებოდა.
„ ძალიან ბევრი ჟურნალისტი წლების მანძილზე რეალობას არაობიექტურად აშუქებდა. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თურმე ყველაფერი ფუჭდება, ახალი ხელისუფლება ანგრევს სახელმწიფოს, მედიას და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ- მინისტრობის დროს თავისი არხი დახურა, იმის გამო, რომ არავის ეთქვა, ის თავის არხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. აბსურდულია ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ თითქოსდა გადაცემების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება სოლოლაკში მიიღეს. მე ვესწრები პოლიტსაბჭოს ყველა სხდომას და გადაცემების საკითხი ჩვენს სხდომებზე არც ერთხელ არ დამდგარა. არასოდეს გვისაუბრია მაგაზე. თუ არხის ხელმძღვანელი ჩათვლის, რომ რაღაც ზღვარს გადასცდა ჟურნალისტის ეთიკა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური. ასეთი არაობიექტურობა და ერთ მხარეს გადახრა, ალბათ, არცერთი არხის ხელმძღვანელობას არ მოეწონებოდა. ხალხი ამას ხედავდა და მათ არაობიექტურობას გრძნობდა, რის გამოც შეიძლებოდა არხს მაყურებელი დაეკარგა. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ ყოფილა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქშოუს წამყვანის ეკა მიშველაძის განცხადებას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრთან, ალექსი პეტრიაშვილთან ურთიერთობის გამო მან მიიღო გაფრთხილება, რომ ამით ინტერესთა კონფლიქტი შეექმნებოდა და მათ სპეცსამსახურები უთვალთვალთვალებდნენ, თოფაძემ მოგონილი მოტივი უწოდა. მისი თქმით, სპეცსამსახურებს ისედაც ბევრი საქმე აქვთ იმისთვის, რომ ჟურნალისტს და მის ქმარს თუ მის საყვარელს არ უთვალთვალონ.
„სპეცსამსახურებს იმდენი საქმე აქვთ, არ მესმის, რატომ უნდა უთვალთვალონ ჟურნალისტს და მის მეუღლეს თუ მის საყვარელს. ეს მოგონილი მოტივია. ვისთან რა ურთიერთობა ექნება ბუკა პეტრიაშვილს, ვისი საქმეა? არ ვიცი, ამ საკითხზე არაფერი მე. ეს ამ წუთას თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავიგე“,- აღნიშნა გოგი თოფაძემ.