პრეზიდენტმა მთავრობას პარლამენტში წარსადგენად სემეკის წევრობის სამი კანდიდატი შესთავაზა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად სემეკის წევრობის სამი კანდიდატი შესთავაზა, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა სემეკის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები წარადგინა: დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი. თუმცა, აბაშიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარინა გულედანი საქართველოში არ იმყოფება და იგი ავსტრიაშია.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება სემეკის სამ კანდიდატთან დაკავშირებით. მიუხედავად, იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლო დაესახელებინა კანდიდატები. მან რჩევისთვის მიმართა ექსპერტებს. ეს იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში, ეს იყო უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში და ეს არის სემეკის შემთხვევაშიც. ეს არის იმ ახალი პროცესის გაგრძელება, რომელსაც პრეზიდენტმა საფუძველი ჩაუყარა. პრეზიდენტის დავალებით, მე თავად ვესწრებოდი 4 თვის განმავლობაში სემეკში მიმდინარე პროცესებს. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, 35 კანდიდატიდან ექსპერტებმა საქართველოს პრეზიდენტს ელექტრონული ფორმით წარუდგინეს 9 კანდიდატი.
მოგვიანებით, კი ამ 9 კანდიდატიდან ექსპერტმა დამატებითი რეკომენდაციები წარუდგინეს პრეზიდენტს. დღეს ექსპერტების მიერ შერჩეული 9 კანდიდატიდან პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად გადაეგზავნება სამი კანდიდატი – დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინე გულედანი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტი დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.