თინა ხიდაშელმა აფხაზეთში რუსული საჯარისო დანაყოფის წვრთნებზე კომენტარი გააკეთა

ნებისმიერი დილა, რომელიც თენდება და სრულდება რუსი ჯარისკაცების ყოფნით ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ აგრესიის მუდმივი დადასტურება და გაგრძელებაა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული საჯარისო დანაყოფის მორიგ წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ვფიქრობ, არავისთვის მოულოდნელი და სიახლე არ არის, პერიოდულად ისეთი ამბები ხდება ხოლმე ჩვენს საზღვრებზე, ხან ჩვენს საზღვრებს მიღმა, ხან ჩვენს ქვეყანაში, ან კავკასიონის იქით ატარებენ, ან – აქეთ. ალბათ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. თუმცა, ბუნებრივია, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთ მოქმედებებს არ უნდა მივანიჭოთ. გუშინ ვთქვი ჩემი გამოსვლის დროს საერთაშორისო კონფერენციაზე და დღესაც იგივე შემიძლია გავიმეორო – აგრესია ყოველდღიურად სახეზეა მათი მხრიდან, სხვადასხვა ფორმით. ნებისმიერი დილა, რომელიც თენდება და სრულდება რუსი ჯარისკაცების ყოფნით ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ აგრესიის მუდმივი დადასტურება და გაგრძელებაა. ამასთან ერთად, კიდევ დამატებითი 700 ჯარისკაცი სადმე ზედმეტად გაივლის თუ არა, მე ვფიქრობ, ამითი ბევრი არაფერი იცვლება. ეს პრობლემა უკვე სახეზეა და მას ყველამ ერთად, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა მივხედოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცნობეს.
წვრთნებში 700 სამხედრო მოსამსახურე, ასევე 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის მძიმე ტექნიკა, არტილერია და სარაკეტო სისტემები.
ამ ინფორმაციის მიხედვით, წვრთნების ძირითადი მიზანია სხვადასხვა ტიპის ბრძოლის წარმოებისას სამეთაურო შემადგენლობის უნარების დახვეწა ზღვის სანაპიროს, მთის და დაბლობის პირობებში. გამოყენებული იქნება ახალი ტიპის შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის ავტომატიზებული სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები