„მზად ვარ, ჩემს კონკურენტთან დებატებში მონაწილეობა მივიღო“

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი კონკურენტ კანდიდატთან, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთან თამარ ხიდაშელთან დებატებისთვის მზად არის – ამის შესახებ ინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, კონკურენტისგან არანაირი შეთავაზება უშუალოდ მასთან არ მისულა, თუმცა ხიდაშელის სურვილის შემთხვევაში ინაშვილი  დებატებს მიესალმება.
„არანაირი შეთავაზება მე ჩემი კონკურენტისგან არ მიმიღია. საჯაროდ არავის მოუმართავს ჩემთვის და თუ უბრალოდ ასეთი სურვილი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემამდე მოვიდა ეს  თუ დებატების ორგანიზება მოხდება, ძალიან კარგი იქნება. მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ დებატებში, თავისუფლად შეგვიძლია ამის ორგანიზება ვთხოვოთ როგორც რეგიონულ ტელევიზიებს, ისე ნაციონალურ არხებს. მე მომწონს დებატების ფორმატი, ეს დღეს ჩვენს მედიასივრცეს ძალიან აკლია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება ინაშვილის შანსებს, მისი განცხადებით, საგარეჯოში მისი გამარჯვების შანსები ძალიან მაღალია.
„არ მინდა ჩემი სიტყვები აღქმული იყოს ისე, თითქოს თავს განვიდიდებ, მე არ ვაზვიადებ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ რეალობა ასეთია, საგარეჯოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მე მხარს მიჭერს. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვოთ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები