აბაშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნებს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად აფასებს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნები საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.
ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა.
„ჩვენი მიდგომა არის ერთი, ცალსახა, რომ ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ბერკეტები, რათა ეს ყველაფერი ჩვენს დასავლელ პარტნიორამდე მივიტანოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცნობეს. წვრთნებში 700 სამხედრო მოსამსახურე, ასევე 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის მძიმე ტექნიკა, არტილერია და სარაკეტო სისტემები.
ამ ინფორმაციის მიხედვით, წვრთნების ძირითადი მიზანია სხვადასხვა ტიპის ბრძოლის წარმოებისას სამეთაურო შემადგენლობის უნარების დახვეწა ზღვის სანაპიროს, მთის და დაბლობის პირობებში. გამოყენებული იქნება ახალი ტიპის შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის ავტომატიზებული სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები