ზურაბ აბაშიძე: ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას ცალსახად უჭერენ მხარს
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რთული დიალოგის გაგრძელებას, რომელსაც ჩვენ რუსეთის მხარესთან ვაწარმოებთ, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელთან დევიდ კრემერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კრემერთან შეხვედრაზე, ძირითადად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, აბაშიძე-კარასინის არაფორმალურ დიალოგზე, არსებულ პრობლემებსა და სირთულეებზე ისაუბრეს.
„ზოგადად, არის ურთიერთგაგება იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა. ახალი ამ თვალსაზრისით არაფერი მომისმენია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რთული დიალოგის გაგრძელებას, რომელსაც ჩვენ რუსეთის მხარესთან ვაწარმოებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.