„ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის, რომ პარტიებს არ ჰყავთ რეალური კანდიდატი, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს“
შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ინაშვილის თქმით, ბოიკოტის თემას არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან. მისი აზრით, ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის, რომ პარტიებს არ ჰყავთ რეალურად ის კანდიდატი, ვინც გაიმარჯვებს.
„ბოიკოტის თემა არის სიცარიელე, ჰაერი, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან. მე და ჩემი გუნდი ვართ ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ვსაუბრობდით, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. ცუდია, რომ ხელისუფლება ამას 2020 წლისთვის აპირებს და არა ახლა, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას საგარეჯოს ან მარტვილის შუალედურ არჩევნებთან? ჩვე,ნ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ რატომ უნდა დავთმოთ ჩვენი პოზიციები ამ ორ ოლქში. რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ და რატომ არ უნდა ვიმოქმედოთ. რატომ უნდა გამოვაცხადოთ ბოიკოტი იმ პარტიების მოწოდების გამო, რომელთა დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე იყო და დღესაც მოკავშირედ რჩება.
მეორე ნაწილზე – ვინც არ არის „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე, მინდა ვთქვა, რომ მე მათგან ჩემი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ პოლიტიკურმა ეგოიზმმა სძლია მათ. ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის, რომ პარტიებს არ ჰყავთ რეალურად ის კანდიდატი, ვინც გაიმარჯვებს და არა ის, რომ საარჩევნო გარემოა შესაცვლელი. იქ, სადაც არის გამარჯვების რეალური შანსი, უარი არ უნდა თქვა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.