საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საარჩევნო პროგრამას რაიონის მოსახლეობასთან ერთად ადგენს – რა პრობლემები აქვს კახეთის მოსახლეობას
„საგარეჯოს რაიონის ყველა სოფელში სავალალო მდგომარეობაა. ეს არ არის 21-ე საუკუნის სოფლები, ეს სადღაც მე-16- 17 საუკუნის სოფლის რეალობაა“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.
ინაშვილის განცხადებით, ის საგარეჯოს რაიონის ყველა სოფელში დადის და უშუალოდ ეცნობა მოსახლეობის პრობლემებს. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საგარეჯოს უამრავ სოფლებს წყლის პრობლემა აქვს, არის სოფლები, სადაც მწვავედ დგას ეკოლოგიური და განათების პრობლემა. მაღალია სიმსივნური დაავადების შემთხვევბიც.
„ოფიციალურად საარჩევნო კამპანია ჯერ დამიწყია. მაგრამ მე უკვე დავდივარ საგარეჯოს რაიონის სოფლებში და ვაგროვებ ინფორმაციას, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას. ოფიციალური შეხვედრები და საარჩევნო კამპანია სექტემბრის ბოლოს დაიწყება. უამრავი სერიოზული პრობლემაა დაწყებული წყლით, გაგრძელებული იმით, რომ სოფლებში არ არის განათება, არაერთ სოფელში არის ეკოლოგიის პრობლემები. ვიცი კონკრეტული სოფლები, სადაც გაზის გამონაბოლქვის გამო სიმსივნური დაავადებების ზრდის კატასტროფული მაჩვენებელია, ეს უამრავი პრობლემა თავს იყრის და ჩნდება რეალობა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს მოწყვეტილია. მე მივდივარ საგარეჯოში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ ხალხის ტკივილი შემსუბუქდეს და ხალხის გვერდით იყოს ადამიანი, ვინც პატარ – პატარა საქმეებს მაინც გააკეთებს მათთვის. ხალხმა რწმენა დაკარგა ყველას მიმართ. არის სოფლები, სადაც გამოყოფილია წყლისთვის საბიუჯეტო სახსრები. არხი გაჭრილია, თანხა დახარჯულია, მაგრამ წყალი ისევ არ არის. შეიძლება გამოყოფილი თანხების რაციონალურად ხარჯვა, რომ ადამიანებამდე რაღაც სიკეთე მივიდეს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, ინაშვილმა მასზე მუშაობა საგარეჯოს მაცხოვრებლებთან ერთად დაიწყო. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ შექმნა დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოები, სადაც ადგილობრივები გაწევრიანდნენ. ინაშვილი გეგმავს, რაიონისთვის მთავარი საჭიროებები სწორედ იმ პრიორიტეტების მიხედვით გაწეროს საარჩევნო პროგრამაში, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ საგარეჯოელებს.
„ ამ ეტაპზე ყველა სოფელში სათათბიროებს, დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოებს ვქმნით, სადაც წევრიანდებიან სოფლის მოსახლეები. ჩვენ ერთად ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ კონკრეტული სოფლების პრობლემები და მერე თვითონ სოფელმა გადაწყვიტოს, რა არის პრიორიტეტული მისთვის. მე საარჩევნო საარჩევნო პროგრამას პარტიის ოფისში და ეს პროგრამა არ მიმაქვს მათთან. მე მას უშუალოდ მოსახლეობასთან ერთად ვწერ. ახლა იქმნება ეს პროგრამა სწორედ იმ საჭიროებებზე დაყრდნობით, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ დღეს, იქნება ეს განათება, ჯანდაცვის საკითხები თუ სხვა. მე დღეს უკვე ვიცი საგარეჯოს თითოეულ სოფელში რა პრობლემებია. ირმა ინაშვილი არ დატოვებს ამ ხალხს, მე ვიქნები მათ გვერდით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.