ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მან დიდი პროგრესი განიცადა
საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მან დიდი პროგრესი განიცადა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერია.
“რაც შეეხება სამ შეკითხვას, აქვს თუ არა მოსახლეობას წვდომა ინფორმაციაზე, აქვთ თუ არა მედიას, ასევე პოლიტიკურ ძალებს საშუალება, გამოწვევების წინაშე დააყენონ მთავრობა, სამივე კითხვაზე მინდა გითხრათ პასუხი – “დიახ”. არის გარკვეული შემთხვევები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს. კი, ბატონო, ასეც არის, მაგრამ ძირითად ინგრედიენტებთან დაკავშირებით საქართველომ შესანიშნავად იმუშავა და უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. მათ შორის შესანიშნავად ჩატარდა არჩევნები, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. ასე რომ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მან დიდი პროგრესი განიცადა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და არიან იძულებით გადაადგილებული პირები. რა თქმა უნდა, საქართველო უდავოდ ლიდერია რეგიონში, მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, სად უნდა საქართველოს აღმოჩნდეს ბოლოს, ამ შემთხვევაში მე დავასახელებ სამ გამოწვევას”, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
ბრიტანეთის ელჩის განმარტებით, სამი მიმართულება, რა გამოწვევის წინაშეც ქვეყანა დგას, არის დემოკრატიის შინაარსი – ანუ ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიას უდევს საფუძვლად, ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.