ფილიპ ჰამონდი: გაერთიანებული სამეფო კვლავ გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას

გაერთიანებული სამეფო კვლავ გააგრძელებს საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის ფილიპ ჰამონდის მისალოც წერილშია ნათქვამი, რომელსაც იგი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს უგზავნის.
ფილიპ ჰამონიდს წერილში განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობაზეა გამახვილებული.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს და ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნავს ფილიპ ჰამონდი, და იქვე დასძენს, რომ ის მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და „ქვეყანა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ კვანძად აქციოს“. სახელმწიფო მდივანი წარმატებას უსურვებს საქართველოს „ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებაში, რომელიც თბილისში, ოქტომბერშია დაგეგმილი.

წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოსა და ნატოს შორის მზარდი პარტნიორული ურთიერთობები. “საქართველომ პროგრესს მიაღწია ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც, რის დასტურსაც წარმოადგენს ის, რომ „საქართველო აგრძელებს ნატოს „არსებითი პაკეტის“ ეფექტიან განხორციელებას“, – წერს ფილიპ ჰამონდი.
საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაძლიერდება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, კერძოდ, „გაგრძელდება „უორდროპის დიალოგი”, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“.
წერილის დასასრულს, ფილიპ ჰამონდი თავის კოლეგას წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ მათ შორის თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სარგებლობის მომტანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები