„არ მინახავს ხიდაშელის მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება მაშინ, როდესაც მისი თანამებრძოლები პატრიარქს ლანძღავდნენ “
დეპუტატი თამაზ მეჭიაური „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს აკრიტიკებს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მისთვის გაუგებარია მარგველაშვილის მიმართ დეპუტატის კრიტიკული განცხადება თინა ხიდაშელმა შეურაცხყოფად რატომ მიიღო.
მეჭიაურის თქმით, მისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო, რომ თინა ხიდაშელი წარსულში სოროსის ფონდის წარმომადგენელი იყო, თუმცა დეპუტატი ამაში ვერც ცუდს და ვერც საამაყოს ვერაფერს ხედავს იმდენად, რამდენადაც, მისი თქმით, ამ ფონდთან დაკავშირებულნი არიან ადამიანები, რომლებიც ცუდი ქმედებებით არიან განთქმულნი.
მისი თქმით, ხიდაშელმა და სხვა „რესპუბლიკელებმა“ მკვეთრი კომენტარი გააკეთეს მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე მაშინ, როდესაც ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია თუნდაც მისი ყოფილი თანამებრძოლის, სოროსის ფონდის კიდევ ერთი წარმომადგენლის თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქის შეურაცხყოფასა და კრიტიკაზე.
„ მე ვერ გავიგე ხიდაშელის კომენტარი. სად იყო ჩემს განცხადებაში მისი შეურაცხყოფა, მანამდე მე არც ვიცოდი, თუ ის სოროსის ფონდთან იყო კავშირში, რაშიც ვერც ცუდს და ვერც საამაყოს ვერაფერს ვხედავ იმდენად, რამდენადაც იმ ფონდში ძალიან ბევრი ცუდი ქმედებებით განთქმული პიროვნება ვნახე. მათ შორის თუთბერიძე. მე არ მინახავს ქალბატონი თინას მიერ გაკეთებული არცერთი ასეთი მკვეთრი განცხადება მაშინ, როდესაც მისი თანამებრძოლები თუნდაც პატრიარქს ლანძღავდნენ. თუნდაც ბიძინა ივანიშვილს, როცა ის პრემიერი იყო. თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილს და ჩვენც. მე „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირება არ მქონია და ჩემი განცხადების გაკეთებისას მათი შეურაცხყოფა არ მიფიქრია, მაგრამ მათმა ერთმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, ცისფერსისხლიანებმა, რომლებსაც თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, მლანძღეს მე და შეურაცხყოფა მომაყენეს, მაშინ, როდესაც ამ განცხადების გაკეთების შემდეგ დღის ბოლომდე დარბაზში ვიყავი და შეეძლოთ ეკითხათ, რას ვგულისხმობდი ამაში და დაზუსტება ეთხოვათ.
„რესპუბლიკელებში“ მე მყავს მეგობრები, მაგრამ მათგან მე გამოვყოფ ერთი ჯგუფს, მათ შორის არიან ძმები ბერძენიშვილები, დავით ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი… ზურაბიშვილის აზროვნება ჩანს მის განცხადებაში, სადაც ამბობს „ თამაზ მეჭიაურს, სოროსელი, იაღოველი, „ენჯეოელი“, „პიდარასტი“ და სომეხი ერთი და იგივე ჰგონია“,- აღნიშნა მეჭიაურმა.
დეპუტატის განცხადებით, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მართლაც ქვეყნის საქმეს აკეთებენ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ტრადიციების, სარწმუნოებისა და ერის მაიდენტიფიცირებელი სხვა თვისებების თუ ატრიბუტების დისკრედიტაციისთვის არიან მომართულნი. მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკელებში“ არის ჯგუფი, რომელიც გარკვეული მიზნებით მოქმედებს, რომლებიც შეიძლება, დეპუტატის თქმით, ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იყოს.
„მე „ენჯეოებთან“ არანაიარი პრობლემა არა მაქვს. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არსაიდან არ ფინანსდებიან და ქვეყნის სასარგებლო საქმეს აკეთებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, მაგრამ ისინიც ქვეყნის საქმეს აკეთებენ, მაგრამ არის ისეთი „ენჯეოები“ და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ტრადიციების, სარწმუნოებისა და ერის მაიდენტიფიცირებელი სხვა თვისებების თუ ატრიბუტების დისკრედიტაციისთვის არიან მომართული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც პატრიარქს აყენებდნენ შეურაცხყოფას და აკრიტიკებდნენ, მაშინ დავით ბერძენიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ეს დემოკრატიული პროცესია და პატრიარქიც ისეთივე მოქალაქეა ქვეყნის როგორც ყველა დანარჩენიო. თუ პატრიარქისთვის მისაღებია კრიტიკა, რატომ არ არის მისაღები პრეზიდენტის კრიტიკა რომელიც სულაც არ ყოფილა სალანძღავი სიტყვებით გამოხატული. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, მე მგონია, რომ ისინი „რესპუბლიკელთა “ერთი ჯგუფი გარკვეული მიზნებით მოქმედებს, რომლებიც შეიძლება ჩემი აზრით ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იყოს“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.