გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზს ასახელებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გაცვლითი კურსის ხელოვნურად გამყარებას შეუძლებლად მიიჩნევს და მიზეზად საქართველოსთვის მცირე ეკონომიკას ასახელებს.
როგორც ქადაგიძემ სასტუმრო “რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” დისკუსის დროს განაცხადა, რეგიონში ეკონომიკური შოკი ყველა ქვეყანამ განიცადა.
ქადაგიძის განცხადებით, ქვეყნის ექსპორტი შემცირდა, ასევე შემცირდა ძირითადი დაფინანსების წყაროები, შედეგად ლარიც გაუფასურდა, რადგან ვერ შეძლო დისბალანსის ამოქაჩვა, რადგან საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია.
მოსახლეობის 60 პროცენტს სესხები აქვს უცხოურ ვალუტაში და ამ დროს შემოსავალი – ადგილობრივ ვალუტაში.
„რისი გაკეთება შეგვიძლია ამ სიტუაციაში? რეალობაში ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება იქნება შემოსავლის ნაკადის დაბრუნება ისევ ქვეყანაში. ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება, დაფიქსირება. თუ დაიწყებ ამას, ეს ნიშნავს, რომ ბაზრის საწინააღმდეგოდ თამაშობ და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. წარუმატებელი შემთხვევების ათასობით მაგალითი გვაქვს ეკონომიკის ისტორიაში. ისეთმა ქვეყნებმაც, რომელთაც აქვთ ძალიან მდიდარი რესურსი, მაგალითად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ვერ შეძლეს თავიანთი კურსის საკუთარი რეზერვებით შენარჩუნება და გამყარება. შედეგად მათაც მოუწიათ გაუფასურების ატანა, ანუ ეს არის ტენდენცია”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ შოკს მიიჩნევს.
“რა არის ჩვენი პოლიტიკის პასუხი და რამდენად კარგია ეს პასუხი, აქ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თუ მე ახლა არ გამაჩერეთ, შემიძლია ორი კვირა განვაგრძო და ვისაუბრო ამაზე უწყვეტად”, – განაცხადა ქადაგიძემ.