დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ქ.კრინიცაში 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა ფორუმის პანელზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა – რა იქნება შემდეგ?”და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მნიშვნელობაზე, ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობის მატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
ფორუმი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება, ახალი ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობაა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლოდჟიმირჟ ჩჟიმოშევიჩსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში ლიამ ფოქსთან.
ორმხრივი შეხვედრების ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა იქნება.