თამაზ მეჭიაური პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის მიმართ უმადურობაში ადანაშაულებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიმართ უმადურობაში ადანაშაულებს და მის გაპრეზიდენტებაში ყოფილი პრემიერის წვლილზე საუბრობს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მას მარგველაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებით არც პრეზიდენტის და არც არასამთავრობო სექტორის შეურაცხყოფა არ უფიქრია. უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის განცხადებით, უმადურობაა, როდესაც ადამიანი პრეზიდენტად გაქცევს და ინაუგურაციისთანავე მის ოპოზიციაში გადადიხარ.
„ ჩემსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია”.
უბრალოდ ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებაში მე ხაზი გავუსვი იმას, რომ არა ივანიშვილის მხარდაჭერა, ბატონი მარგველაშვილი რიგითი სოროსელი, „ენჯეოშნიკი“ იქნებოდა, რომელიც ქსოვით იქნებოდა დაკავებული, ამაში ცუდი არაფერია. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ როდესაც ადამიანი ასეთ დროს მოგიყვანს და გაგხდის პრეზიდენტად და ინაუგურაციის მომენტიდანვე მასთან ოპოზიციაში გადადიხარ, ეს უმადურობაა. რატომ იყო ჩემი განცხადება შეურაცხმყოფელი? „ენჯეოშნიკობა“ შეურაცხმყოფელი არ არის, თუნდაც იმიტომ რომ თვითონ ბატონი ბიძინაც „ენჯეოშნიკი“ და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
იგივე სოროსის ფონდთან ასოცირებული პიროვნებაა სოზარ სუბარი, რომელიც ჩემი მეგობარია, პატრიოტი კაცია… მას ეს საწყენად არ მიუღია და არც უნდა მიეღო. შეიძლებოდა მძღოლი, ან ექიმი, ან ჟურნალისტი, ან ეკონომისტი ვინმეს გაეხადა პრეზიდენტი, შემდეგ ამ პრეზიდენტს გამოეჩინა უმადურობა და ვინც ხელი შეუწყო ამაში, იმის ოპოზიცია გამხდარიყო. თუკი მას ვინმე ამ უმადურობაზე მიუთითებს, ეს ჩამოთვლილი პროფესიების შეურაცხყოფას ნიშნავს? მან უღალატა მას, ვინც პრეზიდენტი გახადა“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.