„ თუ ლგბტ პირები მათთვის ქორწინების უფლების მინიჭებას მოითხოვენ, დაუჭერთ თუ არა თქვენ მხარს ამ მოთხოვნას“ – კითხვას „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს რაიონში თამარ ხიდაშელი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან მის მიმართ დასმულ კითხვას: „დაიცავს თუ არა ქალბატონი თამარი პარლამენტში კახელების სახელით ლგბტ თემის უფლებებს?“- პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პასუხობს. თამარ ხიდაშელის განცხადებით, ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა მოქალაქის დაცვაზე სახელმწიფომ ერთნაირად უნდა იზრუნოს.
„მე არ მჯერა იმ ადამიანების უფლების დამცველების, რომლებიც ამბობენ, რომ მე დავიცავ ყველას უფლებებს, ლგბტ ჯგუფის გარდაო. მე მჯერა ადამიანთა თანასწორობის. ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება და მათ დაცვაზე აბსოლუტურად თანაბრად უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნა თამარ ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „თუკი ლგბტ პირები წინა პლანზე მათთვის ქორწინების უფლების მინიჭებას წამოწევენ, იქნება თუ არა ეს უმრავლესობის უფლებების შელახვა?“ – მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები დღესდღეობით საქართველოში მათი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვას ითხოვენ.
„ლგბტ თემის წარმომადგენლების პირველი პრობლემა არ არის ქორწინების დაკანონება. ეს ადამიანები საქართველოში ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვას ითხოვენ. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ტოლერანტულია და არ მგონია, რომ ჩემთვის საარჩევნო პერიოდში მინუსი იყოს, როცა ვამბობ, – ყველა ადამიანი თანასწორია. თუ ეს თემა წამოიწევს წინ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მზად ვარ, მათ ამ საკითხზე ვესაუბრო“, – აღნიშნა თამარ ხიდაშელმა.
დეპუტატობის კანდიდატმა კითხვაზე – „თუ თქვენ ერთ-ერთი კანონმდებელი და პარლამენტის წევრი გახდით, თუკი ლგბტ თემის წარმომადგენელი ადამიანები დააყენებენ მოთხოვნას მათთვის ქორწინების უფლების მინიჭების შესახებ, როგორი იქნება თქვენი პოზიცია და, როგორც ერთი დეპუტატი, დაუჭერთ თუ არა მათთვის ამ უფლების მინიჭებას მხარს?“ – დეპუტატობის კანდიდატს საკუთარი პოზიცია: „დიახ, დავუჭერ“ ან „არა, არ დავუჭერ“ – სიტყვებით არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი განსახილველად ამ მოწვევის პარლამენტში არ დადგება.
„ამ პარლამენტის მიერ დარჩენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ თემაზე საუბარი არ წამოიწევა. ბევრი პრობლემაა, რაზეც მუშაობა ახლა მიდის. ზუსტად ვიცი, რომ დარჩენილ პერიოდში ამაზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები