რას ჰპირდება საგარეჯოს მოსახლეობას სახელისუფლებო კანდიდატი და რას სთავაზობს კონკურენტ ირმა ინაშვილს
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს რაიონში თამარ ხიდაშელი უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის პრობლემები, რომლის წინაშეც საგარეჯოს მოსახლეობა დგას, ძირითადად, ადგილობრივი თვითმართველობის მოსაგვარებელია. ხიდაშელმა მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მტკივნეული სამი პრობლემა გამოყო.
„ის პრობლემები, რომელიც საგარეჯოს მოსახლეობის წინაშე დგას, ძირითადად, ადგილობრივი თვითმართველობის მოსაგვარებელია. იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც დეპუტატს გააჩნია, მე ყველანაირად ვეცდები, მათ დავეხმარო. მე ვიქნები მათი უფლებების დამცველი ყველგან, ეს ჩემი მთავარი გამოცდილებაა. მთავარი პრობლემა საგარეჯოს რაიონში არის წყალი. რაღაც ადგილებში ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია, მაგრამ გარკვეულ ადგილებში ეს მოსაწესრიგებელია. პრობლემაა ასევე გზები და სოციალური დახმარებები. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მათ სოციალური დახმარებები უკანონოდ შეუწყვიტეს. მე აუცილებლად შევისწავლი ამ საკითხებს და დავინტერესდები, ხომ არ მოხდა ეს მართლა უსამართლოდ“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა
მისი თქმით, საარჩევნო შტაბი მეტ-ნაკლებად უკვე ფორმირებულია. ხოლო მას შემდეგ, რაც შტაბი გაიხსნება, კანდიდატი მოსახლეობასთან სოფელ- სოფელ ძალიან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.
„ ვაპირებ შევხვდე მოსახლეობას, რომ ჩემი პიროვნება და ხელისუფლების პრიორიტეტები გავაცნოთ. ვაპირებთ ვესაუბროთ მათ იმაზე, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მთავარი აქცენტი სახელისუფლებო დაპირებების შესრულების ბოლომდე მიყვანა იქნება. ეს არის შუალედური არჩევნები და მანდატის ამოწურვამდე დარჩენილია ერთი წელი და ახალი დაპირებების მიცემა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება“, – აღნიშნა სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარმა კანდიდატმა.
რაც შეეხება მის შანსებს, დეპუტატობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს. თამარ ხიდაშელმა მზადყოფნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი კონკურენტი საგარეჯოს მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ირმა ინაშვილი მას დათანხმდება და მასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას დებატებში როგორც ნაციონალურ, ისე რეგიონულ არხებზე.
„ მე მინდა შევთავაზო ირმა ინაშვილს, დამთანხმდეს დებატებზე, იქნება ეს რეგიონულ თუ ნაციონალურ არხებზე. ჩემს შანსებს ძალიან დადებითად ვაფასებ, უპირველეს ყოვლისა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ამას ადგილობრივი მოსახლეობა კარგად ხედავს. მეორე, ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მე საზოგადოება მიცნობს, როგორც ადამიანს, რომელიც მუდმივად ადამიანის უფლებების დასაცავად და დემოკრატიზაციის ხარისხის ასამაღლებლად იბრძოდა. ვფიქრობ, მე საგარეჯოში დამაჯერებლად გავიმარჯვებ“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.