„ამა თუ იმ ქვეყნის მხოლოდ აგრესორად აღიარება არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ
საქართველოს პრობლემები ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის პრობლემები, ეს მთელი ევროპის და მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემაა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “თბილისი რუმსში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამა თუ იმ ქვეყნის მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ.
“ეს არის ყველაზე უკეთესი დასტური იმის, რომ საქართველო არის ევროპული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და კონფერენციის სწორედ თბილისში ჩატარება ეძღვნება არა მხოლოდ ქართულ პრობლემებს, არამედ ევროპის უსაფრთხოების და მთლიანობის პრობლემებს. ეს არის გააზრება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველოს პრობლემები ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის პრობლემები, ეს არის მთელი ევროპის და მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემა.
სწორედ ამ კონტექსტშია განხილული ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. ყველა ვინც საქართველოში ჩამოდის, ან ვისაც ვხდებით უცხოეთში მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველო ატარებს პრინციპულ, ძალიან გონივრულ და სწორ პოლიტიკას, როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ისე მტრებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს სწორი ორივე მიმართულებით. მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ”, – განაცხადა უსფაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპასთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად საქართველო დაძლევს ამ პრობლემებს, ხოლო ცალკე და მარტო ვერ გაუმკლავდება.