„კითხვა, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს“
დღეს ჩვენ გვაქვს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები, ეს არის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც გაუფასურებულმა ლარმა მოიტანა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები აღდგეს. ამასთან ქადაგიძემ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მცდარი გადაწყვეტილება უწოდა.
„დღეს ჩვენ გვაქვს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც გაუფასურებულმა ლარმა მოიტანა. ჩვენ – ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები აღდგეს, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა გამოიწვიოს ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება, როგორც ეკონომიკიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ არის აღნიშნული.
„ამიტომ კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს“, – აღნიშნა ქადაგიძემ.