„თბილისის გენგეგმის კონკურსში შესაძლოა, გივი თარგამაძის ძმის კომპანიას გაამარჯვებინონ“
14 სექტემბერს სრულდება კონკურსი, რომელშიც თბილისის გენერალური გეგმის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, თუმცა ეკოლოგის და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „არტ სტუდიო პროექტი“, კომპანია, რომელსაც ძალიან მძიმე წარსული აქვს, შესაძლოა, ამ კონკურსის გამარჯვებული გახდეს.
ეკოლოგის განმარტებით, თბილისს უნდა ჰქონდეს გენერალური განაშენიანების გეგმა, მაგრამ მთავარია ისიც, რომ გეგმა უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივ ინტერესებზე და არ უნდა იყოს ის კერძო კომპანიების ან კერძო პირების ინტერესებზე მორგებული.
ჩხარტიშვილის თქმით, პრეტენდენტთა შორის ფიგურირებს კომპანია „არტ სტუდიო“, რომელმაც ზალდასტანიშვილების ქუჩაზე კომპანიის პირადი ინტერესების გამო 21 ჯანმრთელი ხე გაჩეხა. მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა ის, რომ კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გივი თარგამაძის ძმასთან არის დაკავშირებული და აღნიშნული კომპანიის ფორმალური მფლობელი სწორედ დეპუტატ თარგამაძის ძმაა.
ჩხარტიშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელთან დაკავშირებულ კომპანიას თბილისის მერიაში კონკრეტული ლობი ჰყავდეს, რომელიც ზრუნავდეს იმაზე, რომ მან კონკურსში გაიმარჯვოს.
„საერთოდ, მშენებლობის სფეროში მოქმედი შპს-ს მონაწილეობა ამ კონკურსში არ არის მიზანშეწონილი, რადაგან ამ კომპანიას ყოველთვის ექნება ცდუნება, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს და ქალაქის განვითარების გეგმაში ჩადოს ის მიდგომები, რომელიც მას მეტ მოგებას მოუტანს. მნიშვნელოვანია ასევე კომპანიების წარსული, არ შეიძლება გენერალური გეგმის ავტორი იყოს კომპანია „არტ სტუდიო“ , რომელიც სულ ახლახან ძალიან მძიმე მოქმედებებით გამოირჩეოდა. ამ კომპანიამ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე 21 ჯანმრთელი ხე მოჭრა. მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ ის უკვე მომავალში დააკანონებს ხეების ჭრას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კომპანიის მფლობელია გივი თარგამაძის ძმა. ეს ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რადგან საზოგადოებისთვის გივი თარგამაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი წარსული საზოგადოებისთვის ცნობილია და არა მგონია, რომ მათთვის ხელშეწყობა ვინმესთვის მისაღები იყოს“, – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილმა, ზალდასტანიშვილების ქუჩის გარდა, იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების ჭრის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მთავარი პროკურატურა ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის მუშაობით დაინტერესდეს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან აშკარად შეიმჩნევა დანაშაულებრივი გარიგება კერძო სამშენებლო კომპანიებთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მიმართებაში. 2 ასეთი ფაქტი მინდა გამოვყო, მათ შორის ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების გაჩეხვა, მეორე კი, სავარაუდოდ, უდესიანის სახელთან დაკავშირებული იპოდრომზე განვითარებული ანალოგიური მოვლენები. გამოიყენება ახალი სქემა, რომლითაც, ერთის მხრივ, ქალაქის ეკოლოგიის სამსახური აძლევს ნებართვას კომპანიებს, აძლევს მათ საშუალებას, გაჩეხოს ხეები და უკვე გაჩეხვის შემდეგ ახდენენ რეაგირებას და აცხადებენ, რომ თვალთმაქცობას ჰქონდა ადგილი. მოვუწოდებ პროკურატურას, ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის საქმიანობით დაინტერესდეს“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.