“წლების წინ, სააკაშვილის მთავრობის დროს, უსამართლოდ შეექმნა პრობლემები კომპანია ELBIT Systems-ს”

წლების წინ, სააკაშვილის მთავრობის დროს, უსამართლოდ შეექმნა თქვენს კომპანიას პრობლემები, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ELBIT Systems-ის ხელმძღვანელებს.
პრემიერმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის რომ კომპანია ELBIT Systems საქართველოში ბრუნდება, ბევრს ნიშნავს მისთვის და მთავრობისთვის, ვინაიდან ეს კომპანიის მხრიდან ნდობის გამოცხადებაა მთავრობისთვის.
„მე ვიცი, რომ წლების წინ სააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა თქვენს კომპანიას პრობლემები, რისთვისაც საააკაშვილის მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოუწია და ახლა თქვენ რომ ბრუნდებით ქვეყანაში, ნიშნავს, რომ ის ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა, აღდგენილია. ასე რომ, ძვირფასო ინვესტორებო ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და ამ პროექტში თანამონაწილეობა.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ პროექტში საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია. საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2017 წლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, რომელშიც ის 40 მილიონი დოლარით შედის. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ საპარტნიორო ფონდი კიდევ 15 პროექტზე მუშაობს და საერთო საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, ასეთი დონის პროექტის დაწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესს, ინვესტორებს და ნაყოფიერად მუშაობს ყველასთან, ვისთან მუშაობასაც კონკრეტული შედეგები მოაქავს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს პროექტი 300 ახალ სამუშაოს შექმნის. აქ დასაქმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები გადაამზადებენ. რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს ამის ნიჭი და ეს ტალანტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოოთ. ასე რომ ყველას მინდა მოგილოცოთ ამ პროექტის დაწყება, ეს არის ძალიან დიდი განაცხადი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები