პრემიერი: საქართველო ჭეშმარიტად ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა
„საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა. ჩვენ, მართლაც, ვიმყოფებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე”,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირეა.
მისივე თქმით, დემოკრატიის სილამაზე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი შეიძლება შეიცვალოს, გემი მაინც სწორი მიმართულებით მიემართება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის სენატორ მაკკეინს და მაკკეინის ინსტიტუტს, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელია.
“ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა, სენატორი მაკკეინი კი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი კონგრესში.
ჩვენ მრავალჯერ გულახდილად გაგვიზიარებია ჩვენი მოსაზრებები და ვიცი, როგორ ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე.
მნიშვნელოვანი რეგიონალური საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ლიდერთა მის თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების გამეორება. „ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ძირითადი კომპონენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა და დემოკრატიის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.
“მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, შევქმენით მართვის სისტემა, რომელიც უფრო ღიაა და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.
ჩვენ, აგრეთვე, გავაძლიერეთ დემოკრატია ხელისუფლების შტოებს შორის რეალური ანგარიშვალდებულების დამკვიდრებით და ძალის დეცენტრალიზაციით ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს ხელისუფლება ორიენტირებულია საკითხებზე, რომლებიც რიგით ქართველებს ეხება“,-დასძინა მან.