თბილისის ძველი ზოოპარკისთვის გაზაფხულამდე 150 – მდე ცხოველის ჩამოყვანა იგეგმება

თბილისის ზოოპარკს ცხოველების დანაკარგის შევსებაში დახმარება ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციამ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა აღუთქვეს. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, მათ უკვე გადასცეს თბილისის ზოოპარკს ცხოველები, ამჟამად მათი საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცხოველებს თბილისში გამოამგზავრებენ.
„სამწუხაროდ, აღარ გვყავს პრიმატები, მაიმუნები დაიღუპნენ. შემცირებულია მტაცებლების რაოდენობაც. მსხვილი მტაცებლებიდან მხოლოდ 2 წარმომადგენელი შემორჩა. ეს არის თეთრი ლომების ოჯახი და ჯიქები, ანუ ლეოპარდები. ისინი საერთაშორისო კლასის ვოლიერებში არიან მოთავსებულნი. გარდა ამისა, გვყავს გლობალური მნიშვნელობის სახეობები, როგორიცაა: თეთრი მარტორქა, ჩვენი სახელგანთქმული ბეჰემოთი…
მიუხედავად შემცირებული ტერიტორიისა, მაინც ბევრი ცხოველის ნახვა შეიძლება. ცხოველების შესავსებად ჩვენ „ეაზასთან“ – ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციასთან ვიმუშავეთ, დახმარებას დაგვპირდა და გარკვეული ნაბიჯებიც უკვე გადადგა. ამას გარდა, მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა ბევრი ცხოველი შემოგვთავაზა. ცხოველები უკვე ჩვენ გვეკუთვნის, ახლა ფორმდება და წესრიგდება საბუთები. ამიტომ გეტყვით, რომ გაზაფხულამდე თბილისის ძველ ზოოპარკში 150 – მდე ცხოველს შემოვიყვანთ. ესენი არიან ის ცხოველები, რომლებიც მარტივი შესანახები არიან და არ დასჭირდებათ ზამთრისთვის რთული შენობების აშენება. ჩამოვიყვანთ პრიმატების 2 სახეობას, პავიანები აღდგება და დაემატება ბერბერული მაკაკები. გარდა ამისა, შემოგვყავს თუთიყუშების მრავალი სახეობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თბილისში აქამდე არ ყოფილა“, – აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები