დავით უსუფაშვილი: გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთს უფლებებს არ უზრდის

ეს არანაირ, არც დადებით და არც უარყოფით გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არ მოახდენს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად როტაციის პრინციპით რუსეთის არჩევას.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთისთვის დამატებით, ან გაზრდილ უფლებებს არ გულისხმობს.
“მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო კოლექტიური ორგანოა. უშიშროების საბჭოში პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს მაშინაც, როდესაც არ არის თავმჯდომარე ქვეყანა და მაშინაც, როდესაც არის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს სულ ერთთვიანი პროცედურაა. აქ წესი ასეთია, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთი თვის განმავლობაში ხდებიან თავმჯდომარე ქვეყნებად, მაგრამ ეს არ არის რაიმე დამატებითი უფლებები ამ შემთხვევაში რუსეთისთვის, ეს არის უბრალოდ სხდომის წამყვანის ფუნქცია და გარკვეული საორგანიზაციო საქმეების შესრულების ფუნქცია. ასე, რომ ეს არანაირ, არც დადებით და არც უარყოფით გავლენას უშიშროების საბჭოს მუშაობაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში არ მოახდენს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს.
დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტს ნიუ იორკში 3 სექტემბერს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები