“ჩვენ ვთვლით, ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი არანაირ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან“
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი იმ ვალდებულებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს დაკისრებული – ანუ ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს. ამგვარად, დეპუტატი არ იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება რისკის ქვეშ დგება.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონიონირებისათვის ხელის შეწყობაა და არა მისი უზრუნველყოფა, როგორც ეს პრეზიდენტის შენიშვნებშია მითითებული. ამ ტერმინებზე საუბარს პრინციპული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ტერმინები: „ხელის შეწყობა“ და „უზრუნველყოფა“ სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვის მქონე ტერმინებია.
კერძოდ, „უზრუნველყოფა“ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ამა თუ იმ ორგანოს გარკვეული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით, ხოლო „ხალის შეწყობა“ ნიშნავს, რომ ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარკვეული საქმიანობა უნდა განახორციელოს. ამ თვალსაზრისით, ანუ ხელის შეწყობის თვალსაზრისით, კერძოდ, იმისათვის, რომ როგორც კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, მას რჩება ისეთი ქმედითი მექანიზმები, როგორიც არის მაგალითად ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის განხორციელება, ან თუნდაც მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაწესება, ან კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასება. ანუ ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენცია ექნება და ამ კომპეტენციის ფარგლებში, იგი ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ასე, რომ ჩვენ ვთვლით, ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი არანაირ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებით ეროვნულ ბანკს ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება არ ექნება, რითაც ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება – ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა რისკის ქვეშ დგება. როგორც მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით მომზადდა, პრეზიდენტი აღნიშნავს, ეროვნულ ბანკს არ ექნება სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საფინანსო სექტორზე რაიმე ფორმით ზედამხედველობა განახორციელოს.