პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
კანონმდებლებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ის არგუმენტები გააცნო, რომლის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ცალკე სსიპ-ის – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პრეზიდენტი ფიქრობს,რომ ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებით, ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება – ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა.
როგორც მოტივირებულ შენიშვნებშია აღნიშნული, თუკი ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორზე მაკროპრუდენციული ზედამხედველობის ინსტრუმენტები არ ექნება, გაუგებარია, როგორ უნდა შეუწყოს მან ხელი სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფას გულისხმობს, ვეტო 31 ივლისს დაადო.