საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოთხ ათეულზე მეტი მზვერავი შეემატა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ოთხ ათეულზე მეტი მზვერავი შეემატა. 18-კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით 43-მა სამხედრომ დაამთავრა.
მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი კახეთში, სოფელ მანავის რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართა. პოლკოვნიკის განცხადებით, მზვერავების მომზადების კურსი საკმაოდ რთული კურსია და მისი წარმატებით დასრულება სამხედროებისთვის საამაყოა.
„მზვერავის პროფესია არის ძალიან რთული და, ამავე დროს, ძალიან საამაყო. ეს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჯარისკაცები კურსის დასრულების შემდეგ თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და ასევე წარმატებით გააგრძელებენ მოღვაწეობას“,- განაცხადა რომან ჯოხაძემ.
მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსანტებმა ტოპოგრაფიული, საინჟინრო, სამთო, კავშირგაბმულობა, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს.
რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.