ირაკლი ღარიბაშვილი: ხელშეწყობა თავისუფალ მედიას – ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა
ვფიქრობ, ეს პროცესი ორ სუბიექტს შორის დავაა და ამაში მთავრობის ჩარევა აბსოლუტურად ნულის ტოლფასია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ქიბარ ხალვშის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- დან წილის გამოთხოვების გამო საქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტულ კერძო დავაში არ ერევა, რადგან, მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი თავისუფალი მედიის ხელშეწყობაა. “ჩვენს მთავრობას რომ სხვა განზრახვა ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს თავისუფალ მედიას. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც მოქალაქე, ვარ მომხრე ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამ პროცესში მთავრობის ჩართულობა და ჩარევა არის აბსოლუტურად ნული ტოლფასი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.