პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა. როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საუბარი შეეხო რეგიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და საჭიროებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობას ძირითადად გაზმომარაგება, წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება, რაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.
პრემიერმა კომისიის წევრებს მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა.
„პრემიერ-მინისტრის ჩართულობა კომისიის სხდომაში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – გაზმომარაგება,სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. კომისია 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს და ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა განათკების, ჯანდაცვის, წყალმომარაგების და შეშით უზრუნველყოფის მიმართულებით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს“, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.