დავით უსუფაშვილი: მშვიდად უნდა შევხვდეთ პრეზიდენტის ვეტოსაც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა “არტარეას” გადაცემა “პოლიტარტში” განაცხადა, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდნენ.
მისივე თქმით, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც რომელიმე პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის არის ყოველთვის მართალი.
“როდესაც პრეზიდენტი ჩვენს კანონებს უხმაუროდ აწერს ხოლმე ხელს, ჩვენ ამ მდგომარეობას ზარ-ზეიმით არ აღვნიშნავთ. ასევე მშვიდად უნდა შევხვდეთ პრეზიდენტის ვეტოსაც. ეს არის საჯარო ინსტიტუტების კონსტიტუციური ფუნქციონირება. შესაძლოა, პრეზიდენტის რაღაც არგუმენტები პარლამენტს ისევე არ მოეწონოს და არ ჩათვალოს მიზანშეწონილად, სწორად, გამართულად, როგორც პრეზიდენტმა არ ჩათვალა ასეთად პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ საქართველოში მონოპოლია ჭეშმარიტებაზე დავასრულეთ – “კომუნისტურ პარტიას” რომ ჰქონდა. მას შემდეგ არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც რომელიმე პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის არის ყოველთვის მართალი. ეს კონსტიტუციური პროცესია. ვისურვებდი, პოლიტიკური ვნებათაღელვა საქმიან-საგნობრივ საუბრებს არ გასცდეს და ამის გამო არც ზედმეტად გავბრაზდეთ, არც ნაკლებად პატრიოტები ვუწოდოთ ერთმანეთს და არც შეთქმულების თეორიებს გავყვეთ. დავასაბუთოთ ჩვენი გადაწყვეტილებები – ეს იქნება სწორი პასუხი ამ შემთხვევაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა “პოლიტარტში” სტუმრობისას.