ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ჩვენ ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს ევროკავშირისა და მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული 15 სანქციიდან მხოლოდ ერთს მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას შეეხებოდა.

„ჩვენ იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით და პრობლემა გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამავეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ დაუწესონ სანქციები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გასულ წელს მთავრობამ იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ძალიან უფრთხილდება იმ მონაპოვარს, მიღწეულ შედეგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესამე წელია, დიალოგი მიმდინარეობს და სავაწრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა არსებობს.

„წლების წინ, სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი და ჩვენს პროდუქციაზე დაწესებული იყო ემბარგო. ჩვენ კონსტრუქციული, პრაგმატული პოლიტიკით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნა შევძელით და ამას ვაფასებთ. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რადგან არავითარი სიახლე სანქციებზე მიერთებაში არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორებულს ჰგავს და ეჭვი არ მერპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი არის რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთერთობებში მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად აკონტროლებს ღვინისა და ყველა პროდუქციის ხარისხს, რომელიც რუსეთის ბაზარზე გადის და თუ იარსებებს კითხვები, მათ პასუხი გაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები