კახა კახიშვილი: ციხე „ღია კარის“ პრინციპით ვერ იმუშავებს, ციხე არის ციხე

ციხე „ღია კარის“ პრინციპით ვერ იმუშავებს, რადგან ციხე არის ციხე, სადაც შესაბამისი სარეჟიმო პირობებია, – ასე ეხმაურება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით კრიტერიუმებია დასადგენი, რადგან, მისი თქმით, ციხის, როგორც სარეჟიმო დაწესებულების უმართაობას ვერ დაუშვებს.
მინისტრს ასევე, მნიშვნელოვნად მიაჩნია პატიმართან ურთიერთობის სტანდარტების დაცვა და გათვალისწინება, რადგან მათთან ურთიერთობის სპეციფიკა შესაბამის უნარ-ჩვევებს მოითხოვს.
“თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ხედვა მონიტორინგზე, ვიმუშავებთ კრიტერიუმებზე, რადგან ციხე არის ციხე, სადაც შესაბამისი სარეჟიმო პირობები არსებობს. როდესაც შედიხარ ციხეში, შენ თავად უნდა იცოდე იმ ადამიანთან მუშაობის სტანდარტები, რომელსაც ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. უპირველესად, მას აღკვეთილი აქვს თავისუფლება. ასე, რომ ამ ადამიანებთან მუშაობა და მათთან ურთიერთობაც მოითხოვს შესაბამის უნარ-ჩვევებს და თუ ჩვენ ამ სტანდარტებზე შევთანხმდებით, თუ გვექნება გარანტიები კონკრეტულად ისევე, როგორც ეს ევროკავშირშია დადგენილი, რომ შედიან არა იმისთვის, რომ შემდგომში გამოვარდნენ და ტელევიზიით რაღაც განცხადება გააკეთონ და ზედმეტად გამოჩნდნენ.
თუ ეს იქნება ორიენტირებული შედეგსა და ადამიანის უფლებების ნამდვილად აღმოფხვრაზე და არა უბრალოდ რაღაც განცხადბებზე, ამას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. კრიტერიუმები დასადგენია, მე ვერ დავუშვებ სისტემაში „ღია კარის“ პრინციპს, რადგან ჩვენი ამოცანა თავიდანვე იყო ის, რომ ციხე არის სარეჟიმო დაწესებულება. პირველ რიგში, სტაბილურობა, ასევე ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული. ჩვენ ვერ დავუშვებთ სისტემის ისე მართვას, რომ საბოლოოდ უმართავი გახდეს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები