საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეორე ყოველკვარტალური ანგარიში მომზადდა.
ანგარიში, რომელიც 2015 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით მომზადდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი ღია და საჯარო წყაროებს ეყრდნობა.
ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის, იქნება ეს სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს.
“აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა მუდივად ხდება, ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში გამოიხატება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდულია, საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება – დარღვეული. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ კი, აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.