თბილისის მთავრობამ გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა

თბილისის მერი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის ინიციატივას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მთავრობას ბიძინა გიორგობიანმა დოკუმენტი წარუდგინა, სადაც დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია არის ასახული.

თბილისის მერის თქმით, გარემოსდაცვითი სტრატეგია საკმაოდ ღრმა და ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
“დოკუმენტის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ თბილისი მწვანე ქალაქად იქცეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, გამწვანების სტრატეგია, კონკრეტული ქმედებები, რაც დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით ჩვენი აქტივობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, გარდა იმისა, რომ გვექნება კონკრეტული დოკუმენტი, ამ დოკუმენტის შესრულება ყველასთვის სავალდებულო იქნება “, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, თბილისში გაუმჯობესდა გარემოსდაცვითი და დასუფთავებისთვის საჭირო ღონისძიებები, შეძენილია ახალი ტექნიკა და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ათასობით კონტეინერი.
ამასთან, დავით ნარმანიამ თბილისელებს მიმართა, რომ იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებისთვის და ხელი შეუწყონ იმას, რომ არ დაბინძურდეს გარემო.
თბილისის მთავრობა დედაქალაქის გარემოსდაცვით სტრატეგიას დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები