თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ
ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს მინისტრები – თამარ სანიკიძე და თინათინ ხიდაშელი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს გამართავენ, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიებს მოაწყობენ და სხვა სასწავლო პროგრამებს მოამზადებენ.
თინათინ ხიდაშელმა განათლების კუთხით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გმირების თემის პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი გმირების თემაზე ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ერთობლივად გავაკეთოთ სკოლის მოსწავლეებისთვის და თავდაცვის სამინისტროს განათლების სარდლობის რესურსი გამოვიყენოთ სამოქალაქო თავდაცვის საგნის სწავლების დროს“, – აღნიშნა მინისტრმა.
თამარ სანიკიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, სექტემბრიდან კი უკვე პროექტების განხორციელება დაიწყება.