თეა წულუკიანი: გვსურს, შემაკავებელი ორდერი მოსამართლის ჩარევას არ საჭიროებდეს

მოსამართლის მიერ გამოწერილ შემაკავებელ ორდერს მეტი დრო სჭირდება და გვსურს, ორდერის გამოწერა პოლიციის უფლებამოსილება იყოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ წუთებში იუსტიციის სახლში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ესწრება.
შეხვედრაზე ოჯახში და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ, ასევე ძალადობის შეტყობინების სისტემის დანერგვაზე მსჯელობენ.
შეხვედრაზე შემაკავებელი ორდერის გაცემის საკითხიც განიხილება, კერძოდ, მინისტრსა და მესამე სექტორს მიაჩნიათ, რომ შემაკავებელი ორდერი პოლიციის მიერ უნდა გაიცეს, და არა – მოსამართლის მიერ.
წულუკიანი აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ გაცემულ შემაკავებელ ორდერს მეტი დრო სჭირდება.
“გვინდა, რომ პოლიცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან მოსამართლის მიერ გაცემულ ორდერს მეტი დრო სჭირდება, რაც არ უნდა ამ მხრივ მოწადინებული უნდა იყოს სასამართლო. შემოდის ისეთი ცნებები, როგორიც არის, მაგალითად, „ადევნება“. ზოგს ჰგონია, რომ ადევნების მსხვერპლი შეიძლება იყოს მხოლოდ ქალბატონი. ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაციც შეიძლება იყოს ქალის მიერ ადევნების მსხვერპლი”, – განაცხადა მინისტრმა.
ამავე საკითხზე იგივე აზრი აქვს თამარ კორძაიასაც, რომელიც ასევე შეხვედრას ესწრება.
ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ “ყოფილი პარტნიორების ძალადობა ქალებზე და ეს საკითხები, ამ წარმოდგენილი ინიციატივით, აუცილებლად მოგვარდება. ასევე პრობლემურია ის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს, მაგალითად, ინტენსიურ გადაკიდებაზე ყოფილი პარტნიორების მიმართ, როგორიცაა, სატელეფონო შეტყობინება, მუქარის შემცველი წერილები და ა.შ. დღეს შემოთავაზებული ეს ცვლილებები ნამდვილად ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის ძალადობის ფორმების აღმოფხვრას საქართველოში”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ.
„მესამე სექტორის“ წარმომადგენლები ძირითად ყურადღებას ქალთა მიმართ ძალადობაზე ამახვილებენ. ისინი შეხვედრაზე განხილულ ახალ მუხლებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმებიან, რადგან, მათი თქმით, ქალები ძალადობისგან, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახს გარეთაც დაცულნი იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები