წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს
იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი ჯანსაღად მიუდგება და კანონპროექტს ხელს მოაწერს.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, ეს რეფორმის მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.
“ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, აგვისტოს ბოლოს თბილისში ჩამოსულ ევროკავშირის შემფასებლებს გავაცნოთ ეს პაკეტი. ამ პაკეტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის, ODIHR-ის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მოსაზრებები.
მჯერა, რომ პარლამენტი მეორე მოსმენით ასევე წარმატებით უყრის კენჭს რეფორმას. ყველამ მინდა იცოდეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე პრეზიდენტმაც, რომელმაც საბროლოოდ ხელი უნდა მოაწეროს ამ რეფორმას, – ეს არის, პირველ რიგში, მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის რეფორმა. მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დისციპლინური წესით დევნის საკითხის რეფორმა და არამც და არამც არ არის ბოლო ნაბიჯი. ეს რეფორმის მხოლოდ დასაწყისია. ამაში დეპუტატები ხელს გვიწყობენ და მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რადგან ეს ევროპულ გზაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ როდესაც რეფორმა მივა პრეზიდენტთან, ასევე ჯანსაღად მიუდგება ამ თემას და საქართველოს საშუალებას მისცემს, ეს რეფორმა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში რაც შეიძლება მალე იყოს ხელმოწერილი და ძალაში შევიდეს შემოდგომაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წელს ავირჩიოთ ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.