„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს“

„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს. არ არსებობს ვითარება, რომელმაც შეიძლება დღეს ეს გამოიწვიოს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კორძაია გუშინ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. კორძაიას განმარტებით, „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის აქტივობა, კოალიციის აქტივობასთან თავსებადია.
„რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის არჩევნებზე საკუთარი გეგმები აქვს იმაზე, თუ როგორ გაძლიერდეს როგორც პარტია, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ პარტიული აქტივობა არ არის თავსებადი კოალიციურ აქტივობასთან. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დიდი ხანია პირადად დადის პარტიის რეგიონულ ოფისებში, ხვდება აქტივს და ასე შემდეგ. თუკი ახლა იწყებს ამას „ქართული ოცნება“, მივესალმებით. ამას კოალიციურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს, – კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები