ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში იმსჯელებს
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში იმსჯელებს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
როგორც მან, პარტია “ქართული ოცნების”‘პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
“იმაში, რომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არსებული სახით წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება არ არის მისაღები, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. მე საერთოდ ვერ ვხედავდი ვეტოს გამოყენების აუცილებლობას, როცა წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი აუცილებლად იქნებოდა დაძლეული. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილია გათვალისწინებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ამ საკითხს სექტემბრის პირველ რიცხვებში, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს ამ პროცესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამასთან, ზვიად კვაჭანტიარის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, რომ დამატებითი რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხზე სექტემბრის პირველ რიცხვებში გაიზიარონ.
“ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ დამატებითი რეკომენდაციები გავიზიაროთ სექტემბრის პირველ რიცხვებში და მაქსიმალურად შევძლოთ იმ რჩევების გათვალისწინება, რასაც ვისმენთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან”, – აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა.