„თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ
ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებებს „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს უჭერენ და ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ იღებენ.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებათა პაკეტში არაფერია ისეთი, რომელზეც მათ რაიმე წინააღმდეგობა ექნებათ. მისივე თქმით, ქვეყნის პირველი პირის შენიშვნები აბსოლუტურად ადეკვატური და სწორია.
„თვითონ ხელისუფლებაც ამბობს, რომ კანონთან მიმართებაში დაშვებულია შეცდომები, მაგრამ არის გაჯიუტებული ბავშვის პოზიციაში და პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს. ეს არის ჩიხური მდგომარეობა, რაც აზიანებს ქვეყნის განვითარებას. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და საკონსტიტუციო სასამართლო ამის ერთ-ერთი საშუალება იქნება. პარლამენტის მიერ მომზადებული კანონი ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, ეროვნული ბანკის თემას არ მოვხსნით დღის წესრიგიდან”, – აღნიშნა აბაშიძემ.