კახა კახიშვილი ორშაბათიდან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ორშაბათიდან გეგმავს. როგორც კახიშვილმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა, ის პირველ რიგში საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდება.
მინისტრის თქმით, შეიქმენება საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგელობაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“ეს არის ძალიან რთული სისტემა, ჩვენ ამ სისტემაში მღებრიშვილის მეთაურობით, შესანიშნავ გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობდა სამინისტროში, გავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ ეტაპზე დასრულებულია სტრუქტურული დალაგების პროცესები ცენტრალურ აპარატებში, იწყება სტრუქტურული რეფორმა თავად დაწესებულებებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ღია იყოს მმართველობა. კანონში ჩაიწერა საკონსულტაციო საბჭოს შესახებ ჩანაწერი, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგელობაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმისთვის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ სისტემის პოლიტიკა. მე ძალიან მალე, ორშაბათსვე დავგეგმავ შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველთან, მეორე დღეს შევხვდები იმ უფლებადამცველ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულების და ციხის თემებზე და მათთან ერთად განვიხილავთ პუნქტობრივად ყველა არსებულ პრობლემას და დავსახავათ ამ პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს”, – განაცხადა მინისტრმა.