„საპარლამენტო უმრავლესობა არაკონსტიტუციურობას ვერ ხედავს, თორემ თავიდანვე არც მივიღებდით“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონპროექტის გასაჩივრებისთვის სულ ცოტა 30 დეპუტატია საჭირო, რაც ბევრად მეტია, ვიდრე „თავისუფალი დემოკრატების“ რაოდენობა პარლამენტში.
„განცხადება, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან გაკეთდა ზოგადი განცხადებაა, სამართლებრივად რას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, არგუმენტაცია მათ განცხადებაში არ ჩანს. კონსტიტუციის რომელ მუხლთან და კანონის რომელი მუხლის წინააღმდეგობას ხედავენ კონსტიტუციასთან არ ჩანს. ვინაიდან პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ეს კანონი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არაკონსტიტუციურობას ვერ ხედავს, თორემ თავიდანვე არც მივიღებდით. ჩვენთვის ეს კითხვები ამ კანოთან მიმართებაში არ არსებობს“, – განუცხადა კახიანმა „პირWელს“.
რაც შეეხება იმას, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონპროექტის გასაჩივრებას აპირებენ, კახიანის თქმით, კანონპროექტის გასაჩივრებისთვის პარლამენტის სულ ცოტა 30 დეპუტატია საჭირო, რაც ბევრად მეტია ვიდრე „თავისუფალი დემოკრატების“ რაოდენობა პარლამენტში.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ბუნდოვანია რას გულისხმობენ ისინი გამომდინარე იქიდან, რომ თუ კონსტიტუციის 95-ე მუხლთან წინააღმდეგობას ხედავენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის, ასეთ შემთხვევაში სარჩელი ე.წ. აბსტრაქტიული კონტროლის ფორმით საჩივრდება და საჭიროა, რომ პარლამენტის სულ ცოტა 1.5-მა გაასაჩივროს, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის 30 წევრს აქვს კანონის გასაჩივრების უფლება, როგორც მოგეხსენებათ „თავისუფალი დემოკრატები“ ბევრად ნაკლები არიან და ისინი დამოუკიდებლად ვერც საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ შეძლებენ კანონის გასაჩივრებას“, – განაცხადა კახიანმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ კანონპრეოქტს ჯერ არ გაცნობია, ამიტომ მისთვის უცნობია, თუ რა შენიშვნები აქვს გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში.
„მე არ წამიკითხავს ის შენიშვნები, რომელიც ვეტოშია ასახული და არ წამიკითხავს ის კანონპროექტი, თუ რის ცვლილებას გვთავაზობს პრეზიდენტი. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ დაძლევის პრობლემა არ გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ვეტოს დაძლევას ზუსტად იმდენივე ხმა სჭირდება, რაც მიღებას. ვეტოს დაძლევის რესურსი პარლამენტს აქვს. მე გავეცნობი პრეზიდენტის შენიშვნებს და წავიკითხავ თუ რას წერს ის შენიშვნებში. ვეტოს დაძლევა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება. შეიძლება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თუმცა ამის სასწრაფო აუცილებლობას ვერ ვხედავთ, ამიტომ პირველი სექტემბრიდან არის 15 დღიანი ვადა და ამ პერიოდში მოხდება მსჯელობა“, – აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული, არაკონსტიტუციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამასთან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები