თავდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტლის კონცეფციის გადახედვას გეგმავს
„ჰოსპიტალის კონცეფციაც გადასახედია“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორში სამხედრო ჰოსპიტალის მონახულებისას განუცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ჰოსპიტლის აშენებას დასავლეთ საქართველოში არ გეგმავს.
“არა, ეს დაგეგმილი არ არის. პირიქით, ამ ჰოსპიტალის კონცეფციაც გადასახედია. მუშაობა დაწყებული გვაქვს იმაზე, საერთოდ გვჭირდება თუ არა ასეთი ჰოსპიტალი. ის არ გაუქმდება, მაგრამ მისი კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა მიმართულებით შეიძლება მოხდეს ცვლილებები. როგორც მან განმარტა, აღნიშნულზე საუბარი საწყის ეტაპზეა და იმისთვის, რომ გარკვეული მოლოდინები არ შეიქმნას, ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ რთული იქნება.