რატომ არ დაესწრო გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას – პრეზიდენტის განმარტება
გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული, – ასე ხსნის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მისი დაუსწრებლობის ფაქტს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში, თუმცა ეს არ მოხერხდა.
“ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ძალიან საზეიმო და სასიხარულო ღონიძიებაში მონაწილეობა. რადგან ამ საკითხზე ვსაუბობთ, მინდა კიდევ ერთხელ აღფრთოვანება გამოვხატო იმ წარმატებით, რაც გვაქვს – რომ ეს თამაშები თბილისში ტარდება, ასევე იმ სპორტული წარმატებით, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ჩვენი ძიუდოისტი გოგონების წარმატება. მინდა აღტაცებით მივულოცო მათ ეს წარმატება.
რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული.
მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ძალიან დიდ ზეიმს, რომელსაც მე როგორც მოქალაქე აღტაცებით ვუერთდები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.