გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოების მოლოდინი ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოების მოლოდინი, რომ იქნებოდა პროფესიული და კვალიფიციური გამოძიება, რომელიც გაუძლებდა არამარტო ქართულ სასამართლოს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს, ჯერჯერობით არ არის დაკმაყოფილებული. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა. “წითელი ცირკულარიდან მოხსნის ეს საქმე არ არის პირველი. მე, ისევე როგორც ამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც სერიოზული კითხვის ნიშნები გვქონდა იმ დარღვევებთან, რომლებსაც ზოგიერთი ძალიან ღიად ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების დროს, ველით, რომ ამ გახმაურებული საქმეების ადრესატები წარდგებიან ქართული სასამართლოს წინაშე, აბსოლუტურად მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე, რომელსაც არ ექნება არანაირი პოლიტიკური აქცენტი და მიიღებენ შესაბამის ვერდიქტს. მე ამას ველი დიდი ხანია. რასაც მე ვხედავ ძირითადში, ეს არის ის ვითარება, რომ საერთაშორისო არენაზე, როდესაც კონკრეტულ ქვეყნებს მიმართავენ ჩვენი პატივცემული პროკურორები მათ მიერ შედგენილი საქმეებით, ჩვენ ძირითადში ჯერჯერობით ვერ ვიღებთ ამ შესაძლებლობას – საქართველოსთვის ამ ადამიანების გადმოცემა არ ხორციელდება. მე მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და ამ ნაწილში, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მთელი საზოგადოების მოლოდინი, რომ იქნებოდა პროფესიული და კვალიფიციური გამოძიება, რომელიც გაუძლებდა არამარტო ქართულ სასამართლოს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს, ჯერჯერობით არ არის დაკმაყოფილებული,მე ველი რომ ეს იქნება გამოსწორებული,მათ შორისო პროკურატურის რეფორმის მეშვეობით“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები