პრეზიდენტი: ათონელის რეზიდენციის თემა საზოგადოებისთვის მოყირჭებული და შეურაცხყოფის მიმყენებელია

ათონელის რეზიდენციის თემა საზოგადოებისთვის უკვე მოყირჭებული და შეურაცხყოფის მიმყენებელი თემაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა.
“ესეც ხომ გარკვეულწილად საზოგადოებისთვის მოყირჭებული და შეურაცხყოფის მიმყენებელი თემაა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტს მიუთითებენ თავის ადგილს, ეუბნებიან რომ შენ იქ უნდა დაჯდე და დაგვემორჩილო ჩვენ. ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან თითოულ მოქალაქეს გაუჩენს მიუღებლობას, იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტს მიუთითებ სად უნდა იმუშაოს, ბუნებრივია, ეს გავრცელდება სხვა მოქალაქეებზე. გარკვეულწილად ჩვენი ყველას ერთიანი დაცულობაა, როდესაც უფრო თავშეკავებით ვმსჯელობთ ამ თემაზე, ზუსტად იგივე თემა გრძელდებოდა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, ირინე იმერლიშვილს ჰქონდა იმედი, რომ თუ ის კეთილ ნებას გამოავლენდა, ამით საკითხი დამთავრდებოდა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისვე თქმით, არ შეიძლება საზოგადოება თვეები და წლები აცხოვრო უსაგნო დაპირისპირებით, როდესაც პრობლემები გაცილებით სერიოზულია.
“საზოგადოება არ შეიძლება, თვეები და წლები აცხოვრო ამ უსაგნო დაპირისპირებით. სხვათა შორის, პოლიტიკაში ხშირად არის ხოლმე ინტერესი უსაგნო დაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი და დომინანტური გახდეს იმიტომ, რომ მთავარი პრობლემებიდან გადავიდეს ყურადღება და ამ ყურადღების გადატანის მეშვეობით, მედიის მეშვეობით, საზოგადოებას აჩვენო, რომ თურმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სად იქნება განთავსებული რომელიმე სახელმწიფო უწყება. პრობლემები ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები