ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, დღევანდელ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა ვეტოების მსგავსად, პრეზიდენტის დღევანდელ ვეტოსაც უპრობლემოდ დაძლევენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტოს დადების თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ვეტოს რაც შეეხება, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ეს ჩვენი საქმეა და ჩვენი პირადი შეხედულებაა. მე რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.