მანანა კობახიძე: ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავძლიოთ ვეტო
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.
უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დადების ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია. მისივე თქმით, პარლამენტს გააჩნია იმის რესურსი, რომ ვეტო დაძლიოს.
„მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანონს, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავძლიოთ ეს ვეტო. მიგვაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. სწორედ ისინი ფიქრობდნენ გარკვეული ალტერნატივების შემოტანას. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აისახა პრეზიდენტის შენიშვნებში და ვეტოში. ვწუხვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტის პოზიციების აი ასეთი თანხვედრა არის ხოლმე ძალიან ხშირად“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.