“პრეზიდენტი სულს ჰგავს, რომ დადიან და ადგილს ვერ პოულობენ”
გიორგი მარგველაშვილს ლიდერობის შენარჩუნება სურს, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვა, – ამის შესახებ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ვეტოს დადების გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს ამომრჩეველი აღარ ჰყავს და ლიდერს თამაშობს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საზოგადოებას და გვამცნო, რომ „პრეზიდენტი ვარო“. პრეზიდენტი ცდილობს, თავისი ადგილი მოიპოვოს თავის სივრცეში, ვერ იპოვა თავისი ადგილი. პრეზიდენტი სულს ჰგავს, რომ დადიან და ადგილს ვერ პოულობენ. ის დაახლოებით ამ სიტუაციაშია. აქ ადგილი აღარ აქვს, თვითონვე გაემიჯნა იმ გუნდს, ვინც მოიყვანა.
აქედან გამომდინარე, მას ამომრჩეველიც აღარ ჰყავს, იმ ერთი კაცის გარდა, ვინც ჰყავდა. ახლა უნდა ოპოზიციის ლიდერი ითამაშოს, მაგრამ მას არც ქარიზმა აქვს მაგისი და არც ადგილია მისი იქ. გიორგი მარგველაშვილს ლიდერობის შენარჩუნება სურს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა. პრეზიდენტს უნდა მიხეილ სააკაშვილს ჩაენაცვლოს, მაგრამ „ნაციონალები“ მაგას გამოიყენებენ და ლიდერობას მაინც არ მისცემენ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.